თავის ტკივილისა და შაკიკის გამომწვევი მიზეზებიდან ცნობილია სულიერი და ფიზიკური სტრესი, დაღლილობა, თვალების დაძაბვა, ხერხემლის არეში ტკივილები, კეფაში და მხრებში კუნთების დაჭიმვა, მედიკამენტების გადაჭარბებით მიღებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, უძილობა ან ზედმეტი ძილი, ტემპერატურის ძლიერი მერყეობა, კოფეინის შემცველი წამლების მიღება. სისხლით მომარაგების დარღვევა, უმოძრაობა.
თავის ტკივილი და შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმა, განსაკუთრებით წითელმა ღვინომ, პორტვეინმა, ცხიმიანმა საჭმელმა, დაკონსერვებულმა ბოსტნეულმა, შოკოლადმა, ბანანმა, ღორის ხორცმა, საფუარის ექსტრაქტმა, ლუდის საფუარმა, მიწის თხილმა, ხახვმა, შაქარმა. ჩამოთვლილი საკვები შეიძლება გახდეს ალერგიის მიზეზიც. შეიძლება ძლიერი თავის ტკივილი გამოიწვიოს ჭამის გამოტოვებამ, როდესაც სისხლში შაქრის შემცველობა მცირდება, საჭმლის მონელების დარღვევა, ღვიძლის მოდუნება, ყაბზობა, თამბაქოს წევა. დაბინძურებული გარემო და მომწამლავი გაზების სიჭარბე ხშირად არის თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი.
თვითმკურნალობა თავის ტკივილის დროს.
მენსტრუაციის დროს არ გამოტოვოთ ჭამა, თავი აარიდეთ რაფინირებულ ნახშირწყლებს და შაქარს. ჭამეთ მხოლოდ უხეშად დაფქვილი ხორბლის პური; შაქრის დონის შესანარჩუნებლად ცოტ-ცოტა და ხშირად.
მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლსა და სიგარეტს. ყურადღებით იყავით განსაკუთრებით ციკლის მეორე ნახევარში.
ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჟი. ერიდეთ დაღლას.
მოერიდეთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას.
რომელ მცენარეს მიმართოთ თავის ტკივილის დროს.
საუკუნეების მანძილზე ექიმები იყენებდნენ მცენარეებს თავის ტკივილებისა და შაკიკის დროს. მათ განეკუთვნება: ფრინტა, ბარამბო, ხეპილპილა, როზმარინი, კოჭა, ლავანდი, მუზარადა, გვირილა, ქრიზანთემა, კატაბალახა. სასურველია მიიღოთ ამ მცენარეთა ნაყენები მთელი ციკლის განმავლობაში, არ დაუცადოთ თავის ტკივილების ჩამოყალიბებას.
როდესაც თქვენი თავის ტკივილი დაკავშირებულია დაძაბულობასთან უმჯობესია მიიღოთ ფრინტა, მუზარადა, ვნების ყვავილი, ცოცხანა, როზმარინი, ცაცხვის ყვავილი, ლავანდი, გვირილა, სვია. თუ თავის ტკივილთან ერთად გაღებინებთ, რაც სისხლით მომარაგების დარღვევის მაჩვენებია, უნდა მიიღოთ კოჭა, წიწაკა, ქრიზანთემა, როზმარინი, პიტნა, ბეგქონდარა. ეს მცენარეები გააუმჯობესებენ თავში სისხლის მიწოდებას. თავის ტკივილისას, რომელიც გამოწვეულია საჭმლის მონელების დარღვევით, ნაწლავების მოდუნებით და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით, კარგია ბაბუაწვერას ფესვი, როზმარინი, ოროვანდი, ღოლო, ქრიზანთემა . მცენარე ქაფურა შეიცავს სალიცილატებს, რომლებიც თავის ტკივილს აყუჩებენ. უამრავი ცდებით დადასტურდა, რომ ქრიზანთემას ფოთლის მიღება აგაცილებთ შაკიკს, მოწყვიტეთ მცენარის ერთი ფოთოლი და ჭამეთ პურთან ერთად ყოველ დღე. ცარიელი ფოთლის ჭამა არ შეიძლება ვინაიდან პირში შეიძლება წყლულები გაგიჩნდეთ.
თავის ტკივილების გასაყუჩებლად საფეთქლების არეში წაისვით როზმარინის ზეთი, შეიძლება გამოიყენოთ გვირილის, ბარამბოს, ლავანდის ან პიტნის ზეთი. ეთერზეთების რამდენიმე წვეთი კარგია აბაზანაში ან მასაჟის გასაკეთებლად, ამ დროს იხსნება დაჭიმულობა კეფისა და მხრების არეში.