რჩევების რედაქცია დაინტერესდა ამ საკითხით და გადაწყვიტა გაეგო, როგორ უნდა დავლიოთ წყალი სწორად.
სმის რეჟიმი
ირგვლივ ყველა გვარწმუნებს, რომ სწორი სმის რეჟიმი ჯანმრთელობის, სიგამხდრისა და დღეგრძელობის წინაპირობაა. და ჩვენ არც შეგედავებით, საქმე ისაა, თუ რას უნდა ვუწოდოთ სწორი რეჟიმი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არაა დღეში 8 ჭიქა.
8 ჭიქის წესი 1921 წელს გაჩნდა. კვლევის ავტორი თვლიდა, რა ოდენობის სითხეს კარგავდა მისი ორგანიზმი დღეში. ჯამში მან დაითვალა 8 ჭიქა სითხე, რომელიც ორგანიზმიდან ოფლისა და შარდის გზით გამოდიოდა. აქედან გამოიტანა დასკვნა, რომ სწორედ ამდენი სითხე უნდა აღვადგინოთ დღეში. ეს უბრალოდ ერთი დაკვირვებაა, რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა ჩაატარა. შეიძლება ამ მონაცემების ყველა ადამიანზე გამოყენება? რა თქმა უნდა, არა.
თანამედროვე მკვლევარები უფრო ფრთხილად მოქმედებენ. მაგალითად, მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ექსპერტები ამბობენ, რომ მამაკაცს დღეში 3.7 ლ წყალი სჭირდება, ქალს - 2.7. თუმცა ეს მხოლოდ დაახლოებითია.
ეს 8 ჭიქაზე მეტია, თუმცა, ამ შემთხვევაში, ითვლება ნებისმიერი სითხე, რომელიც ორგანიზმში ხვდება, არამხოლოდ სუფთა წყალი. ითვლება, რომ ამ რაოდენობიდან 80% ნებისმიერი სასმლით ხვდება - წვენებიმ რძე, ყავა თუ ჩაი, 20%- მყარი საკვებით.
ამავე ციფრებს გვთავაზობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. თუმცა, ეს გათვლებიც არაა ზუსტი. ნათქვამია, რომ ეს დაახლოებითი რაოდენობა ადამიანისთვის გათვლილია ზომიერი ფიზიკური აქტივობისა და ზომიერი კლიმატისთვის. აქედან გამოგვაქვს დასკვნა, რომ არ არსებობს კონკრეტული ციფრი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გამონაკლისების გარეშე მოერგებოდა.
მედიკოსები ამბობენ, რომ თუ არ გწყურიათ, შარდი კი უფერული ან ღია ყვითელია, ესეიგი ორგანიზმს ჰყოფნის სითხე. თუ ყველა პირობა დაცულია, ესეიგი თქვენი სმის რეჟიმი სწორია და არაა აუცილებელი, მიირთვათ სითხე, რომელიც არ გინდათ.
მთავარი წესი - არ გადაამეტოთ ზომიერებასა და სურვილს. თუ დალევა არ გსურთ, ნუ აიძულებთ თავს. გწყურიათ - ჭამამდე მიირთვით წყალი, კომპოტი ან წვენი. უნდა გესმოდეთ ორგანიზმის სიგნალები და ისწავლოთ წყურვილის ამოცნობა, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება.
ყოველთვის გქონდეთ თან წყლის ბოთლი და ყოველ 30-60 წუთში მიირთვით თითო ყლუპი. მიირთვით მანამ, სანამ გსურთ და გსიამოვნებთ. მთელი ეშმაკობა ესაა.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ სპორტით ხართ დაკავებული ან ცხელ კლიმატში ცხოვრობთ, წყალიც მეტი გჭირდებათ. თუ მთელი დღის მანძილზე ოფისში ხართ, კომფორტულ ტემპერატურაში, არ ოფლიანდებით, სითხე, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები დაგჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ ეს ფაქტორები.
როდის უნდა დალიოთ წყალი - გასტროენტეროლოგები ამტკიცებენ, რომ დალევა შეიძლება როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ. საქმე მხოლოდ ისაა, თუ რა რაოდენობით უნდა მიირთვათ წყალი. წყალი, რომელსაც მშიერ კუჭზე ვსვამთ, მალევე ტოვებს ორგანიზმს: 300 მლ 5-15 წუთში.
შეგიძლიათ მიირთვათ წყალი ჭამის დროსაც, როცა მშრალ საკვებს მიირთმევთ. წყალი აუმჯობესებს საკვების მოძრაობას და ეხმარება საჭმლის მონელებას. თუ ჭამის შემდეგ წყლის დალევა გსურთ, ეს, ასევე, ნორმალურია. მთავარია თქვენი სურვილი და შეგრძნებები - განსაზღვრეთ წყლის ოდენობა მათ მიხედვით.
სულ ეს იყო, რისი თქმაც გვინდოდა წყლის მოხმარების შესახებ. ახლა უკვე იცით, რამდენი წყალი უნდა მიირთვათ, ამიტომ შეწყვიტეთ ძალით სითხის მიღება და უსიამოვნო შეგრძნებების განვითარება. ენდეთ სხეულს - მან კარგად იცის, როდის რა გჭირდებათ.