თუმცა, ნაყოფის ტარების ხანგრძლივობა ზუსტად 9 თვე როდია, ეს უბრალოდ ტრადიციაა, რომელიც ძველ საბერძნეთში მიგვიყვანს. სწორედ იქ დაადგინეს, რომ ფეხმძიმობა 280 დღე გრძელდება, ეს კი, დაახლოებით, 9 კალენდრულ თვეს უტოლდება.
ამას შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ითვლებოდა, რომ ნაყოფის განვითარების დროს, მას არ აქვს ცნობიერი და, სწორედ ამ პერიოდში, შესაძლებელია მისი მოშორება. ჩვენს დროში, ქვეყანათა დიდ ნაწილში, სადაც აბორტი ქალის სურვილით დაშვებულია, აღნიშნული ოპერაცია ფეხმძიმობის მე-12-ე კვირამდე ტარდება, ანუ, ფეხმძიმობის დასაწყისში - ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ნაყოფი, მით ნაკლებია რისკი ქალის ჯანმრთელობის დაზიანებისა.
თუ ფეხმძიმობის დროს ქალი კვდებოდა, ძველი ბერძნები ატარებდნენ ნაყოფის ამოყვანის ოპერაციას, მუცლის გაკვეთის გზით. ძველი საბერძნეთის მითების თანახმად, სწორედ ამ გზით გაჩნდა მედიცინის ღმერთი, ასკულაპიუსი. მოგვიანებით, აღნიშნულ ოპერაციას საკეისრო კვეთა ეწოდა.
სხვათაშორის, აქამდე შეცდომით ითვლებოდა, რომ "საკეისრო კვეთა" ოპერაციას იმიტომ ეწოდა, რომ ამ გზით დაიბადა იულიუს კეისარი. თუმცა, ცნობილია, რომ დიდი რომის იმპერატორის დროს, საკეისრო ოპერაცია ტარდებოდა მხოლოდ გარდაცვლილ ქალბატონებზე, ცეზარის დედა კი თავისი ცნობილი შვილის გარდაცვალებამდე სულ რაღაც 10 წლით ადრე გარდაიცვალა.
ცოცხალ ქალებზე მსგავსი ოპერაციის ჩატარება მხოლოდ მე-16-ე საუკუნეში დაიწყო. "საკეისრო კვეთის" სახელწოდების თანამედრო ვერსია ასეთია: ძველ რომში გამოიცა იმპერატორის ბრძანება იმის შესახებ, რომ ყველა გარდაცვლილი ქალიდან აუცილებელი იყო ნაყოფის ამოყვანა. იმპერატორი ლათინურად წარმოითქმება, როგორც "ცეზარი", сaesarea sectio კი ნიშნავს იმპერატორულ კვეთას.
ამრიგად, ფეხმძიმობის ხანგრძლივობასა და ვადას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, აკუშერული ტაქტიკისთვის.
დღეისათის, ფეხმძიმობის სრულყოფილი ვადაა 38-42 კვირა. თუმცა, ტრიმესტრებად დაყოფა მაინც 9 თვეზეა გათვლილი - 280 დღეზე. თითოეული ტრიმესტრი 3 თვეს მოიცავს და, ჩვენ დროს, როგორც ძველად, ფეხმძიმობის ვადის გაგება აუცილებელია.
არსებობს ნაყოფის განვითარებისა და დედის ორგანიზმის ცვლილებების კონკრეტული კანონზომიერება ფეხმძიმობის ტრიმესტრების მიხედვით.
ასე, პირველ ტრიმესტრში, რომელიც ჩასახვის მომენტიდან იწყება და მე-13-ე კვირამდე გრძელდება, ყალიბდება ნაყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოები. პირველი ტრიმესტრის ბოლოსკენ, ბავშვს უკვე ფორმირებული აქვს ყველა ორგანოს ჩანასახი, რომლებიც, მომავალში, სრულყოფილდება, იზრდება ზომებში და უკეთ ფუნქციონირებს. ასევე, ყალიბდება პლაცენტა, რომელიც კისრულობს ნაყოფის ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფას.
დედის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები არამხოლოდ ახალი სიცოცხლის წარმოქმნას განაპირობებს, არამედ მთლიანად ცვლის ქალის ორგანიზმს ფეხმძიმობის მიმდინარეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად. სწორედ ეს ჰორმონალური ცვლილებები არიან "დამნაშავე" მომავალი დედის ხასიათის ცვლილებებში, ძილიანობაში, გემოვნური უპირატესობების შეცვლასა და ტოქსიკოზში.
ნაყოფი და საშვილოსნო ჯერ კიდევ არაა საკმარისად დიდი, რათა დედის ზომებზე საგრძნობლად იმოქმედოს. მაგრამ მკერდი ფეხმძიმობის დასაწყისშივე იწყებს ზრდას. ამ პერიოდში, ნაყოფი მეტისმეტად მგრძნობიარეა სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედების მიმართ, იქნება ეს ინფექცია, სიცხე თუ პრეპარატების მიღება. სწორედ ამიტომ, ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს თქვენს ცხოვრებაში არსებული ცვლილებები და ფაქტორები.
მეორე ტრიმესტრი(ფეხმძიმობის 14-27 კვირა) უფრო სასიამოვნოდ ითვლება. უსიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც პირველ ტრიმესტრს ახასიათებს, უკვე გაქრა, მუცელი უკვე ოდნავ შებერილია, მაგრამ ქალის ფიზიკურ აქტივობას ხელს არ უშლის. ნაყოფში უკვე ფორმირებულია ყველა ორგანო და გარე-ფაქტორების ზემოქმედების აღარ ეშინია. გარდა ამისა, მე-16-ე კვირიდან პლაცენტა მთლიანად უზრუნველყოფს ნაყოფს აუცილებელი ნივთიერებებით, ასრულებს გამომყოფ ფუნქციას და წარმოქმნის ჰორმონებს, მათ შორის, პროგესტერონს, რომელიც საშვილოსნოს მოდუნებას უწყობს ხელს, რაც აუცილებელია ფეხმძიმობის პროგრესირებისთვის.
თუმცა, მეორე ტრიმესტრის ბოლოს, შესაძლოა, გაჩნდეს ე.წ. საცდელი კუმშვები. ესაა საშვილოსნოს რეგულარული, არახშირი, არახანგრძლივი შეკუმშვა, რომელიც ხელს უშლის საშვილოსნოს ყელის გახსნას და ნაყოფის ნაწილის გარეთ გამოშვებას. მომავალი ბავშვი გაძლიერებულად იმატებს წონაში, მისი ორგანოები სრულყოფილია არამხოლოდ სტრუქტურულად, არამედ ფუნქციონალურადაც, იგი იწყებს რეაგირებას სინათლეზე, ხმებზე, შეხებაზე, 18-20 კვირიდან კი დედა უკვე ბავშვის მოძრაობას გრძნობს. მეორე ტრიმესტრშივე იგებთ ბავშვის სქესს.
მესამე ტრიმესტრში ნაყოფი ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ქალი უკვე გრძნობს, რომ უჭირს მოძრაობა, იცვლება მისი სიარულის მანერა, რთულია საძილე კომფორტული პოზის მონახვა. მომავალ დედას უჭირს ბევრი მოძრაობა, უჩნდება შეშუპებები. საშვილოსნო უკვე იმდენად დიდია, რომ მოქმედებს მეზობელი ორგანოების ფუნქციონირებაზეც, რაც გულძმარვით, ყაბზობით ან უფრო გახშირებული შარდგამოყოფით ვლინდება. ეს ყველაფერი საშიში არაა. საშვილოსნოს კუმშვები სულ უფრო ხშირდება და ხანგრძლივდება, იწყება მშობიარობის პერიოდი.
ნაყოფის განვითარების თავისებურებისა და დედის მდგომარეობის გათვალისწინება ფეხმძიმობის ყოველ ტრიმესტრში აუცილებელია, ეს კი საჭირო კვლევებითაა შესაძლებელი, რომლის პასუხებზეც დაკვირვებით ექიმი მეან-გინეკოლოგი, საჭიროების შემთხვევაში, დანამატებს დანიშნავს - ბავშვის განვითარებისა და დედის მდგომარეობისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შესაქმნელად.
მიენდეთ საკუთარ შეგრძნებებსა და ექიმის რჩევებს და აცნობეთ მას შფოთვის ნებისმიერი მიზეზი. ჯანმრთელობას გისურვებთ!