კარგი ყავა რომ მოვამზადოთ, უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად:
ჯერ გადავავლოთ ცივი წყალი ყავის მარცვლებს, დავყაროთ სუფთა ტილოზე და გავაშროთ. შემდეგ მოვხალოთ ნელ ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ყავამ უნდა მიიღოს წაბლისფერი, და არა შავი. ზედმეტად მოხალული ყავა დაკარგავს ეთეროვან ზეთებს და მომწარო გემოს მიიღებს. მოხალული ყავა იმავე ტაფაზე არ უნდა დავტოვოთ, არამედ გასაცივებლად უნდა დავყაროთ საცერზე ან სუფთა ფიცარზე. კარგად გაცივებული მოხალული ყავის მარცვლები ჩავყაროთ ჰერმეტულად დახურულ ყავის ჭურჭელში და შევინახოთ მშრალ ადგილას.
დაფქული ყავა შენახვის დროს ნაწილობრივ კარგავს გემოსა და არომატს; ამიტომ ყავა უნდა დავფქვათ საჭიროებისდა მიხედვით. მისი დაფქვა წარმოებს სპეციალურ ყავის საფქვავში. რამდენად უფრო წმინდად დავფქვავთ ყავას, იმედენად უფრო მეტ ნაყენს მივიღებთ. კარგია აგრეთვე, თუ ახლად მოხალულ ყავის მარცვლებს მოვაყრით შაქრის ფხვნილს. ეს ხელს შეუწყობს ყავის მარცვლებში არომატის შენარჩუნებას.
ყავის კარგი ნაყენი რომ მივიღოთ, ამისათვის 1 ჩაის ჭიქა ყავის ფხვნილზე უნდა ავიღოთ 12-14 ჩაის ჭიქა წყალი.
ყავის მოხარშვის სუკეთესო წესი შემდეგია:
მოსახარშად განკუთვნილი ყავა გავყოთ შუაზე; ერთ ნახევარს დავასხათ ცხელი წყალი, შევდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 3-4 წუთი, შემდეგ შიგ ჩავყაროთ ყავის მეორე ნახევარი; ვურიოთ სწრაფად. ერთი წუთის შემდეგ გადავწუროთ, ჩავასხათ წინასწარ გაცხელებულ საყავეში და მივიტანოთ სუფრაზე.
ყავა ათქვეფილი ნაღებით
მოვამზადოთ ყავა ზემომოყვანილი წესით და ჩავასხათ ჭიქაში ისე, რომ ავსებამდე ერთი მეოთხედი აკლდეს. ცხელ ყავას ზემოდან დავასხათ კარგად ათქვეფილი ნაღები. ათქვეფის დროს ნაღებს შეიძლება დაემატოს წმინდად დანაყილი შაქარი.
ყავა რძით
მოვხარშოთ ყავა ზემოაღნიშნული წესით, ჩავასხათ ქვაბში, დავასხათ იმდენივე რძე, რამდენიც იყო ყავა, ერთხელ წამოვადუღოთ, ჩავასხათ ჭიქებში ან ფინჯნებში და გამოვიტანოთ ცხლად, შეიძლება ქვაბშივე შევატკბილოთ ან შაქარი ცალკე გამოვიტანოთ.
შავი ყავა
ყავა მოვხარშოთ ზემომოყვანილი წესის მიხედვით, მხოლოდ დავაყენოთ ცოტა უფრო სქლად, ე.ი. თითოეულ ჭიქა ცხელ წყალზე ავიღოთ 1,5 ჩაის კოვზი ყავის ფხვნილი. ცალკე გამოვიტანოთ შაქარი.
ყავა ბავშვებს რძით უნდა მივცეთ, მოზრდილებს კი - ნაღებით. კუჭის აშლილობის დროს სასარგებლოა სქლად დაყენებული შავი ყავის მიღება.
ყავა რძით ან ნაღებით
ავიღოთ:
- ყავის ფხვნილი - 4 ჩაის კოვზი
- ცხელი წყალი - 5 ჩაის ჭიქა
- რძე ან ნაღები - სურვილისამებრ
დამზადების წესი:
ყავადანის ან მომინანქრებული ქვაბის თავზე დავდგათ ბადურიანი საწური ან ორად გადაკეცილი დოლბანდი, დავაყაროთ ყავის ფხვნილი და ზედ დავასხათ მდუღარე წყალი, მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ჭიქებში ან ყავის ფინჯნებში ისე, რომ გავსებას დაახლოებით ერთი მეხუთედი აკლდეს.
ცალკე გამოვიტანოთ შაქარი, რძე ან ნაღები და რომელიმე მსუბუქი ნამცხვარი, თხლად დაჭრილი ლიმონი, კონიაკი ან ლიქიორი.
ყავა ცივად
ჩვეულებრივი წესით ყავა გავწუროთ, შევატკბილოთ შაქრით და გავაციოთ. ჩავასხათ მაღალ ჭიქებში, ზედ დავასხათ გაცივებული ნაღები და გამოვიტანოთ სუფრაზე. ცალკე გამოვიტანოთ თხლად დაჭრილი შაქარმოყრილი ლიმონი.
ცივი ყავა ნაყინით
ახლად მოხალული ყავის მარცვლები დავფქვათ, მოვხარშოთ და დავაყენოთ ყავა, გავწუროთ, შევატკბილოთ შაქრით და გავაცივოთ. მაღალყელიან ჭიქებში ან ლარნაკებში ჩავაწყოთ ნაღების ნაყინის თითო რგოლი, ზედ დავასხათ გაცივებული შავი ყავა და გამოვიტანოთ სუფრაზე.
ყავას მოდუღებისას სასურველია დაემატოს ცოტაოდენი ციკორი, რაც მას განსაკუთრებულ არომატს მისცემს.