საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან:
“ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დგას კაცობრიობის წინაშე, ეს არის ოჯახის პრობლემა. ურთიერთდამკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. მათ შორის სიმშვიდე არ არის. იმის მაგივრად რომ შვილები სიყვარულით იყვნენ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ, შეურაცხყოფას აყენებენ დედ-მამას. არის შემთხვევა, როცა დედა სწყევლის შვილებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და წყევლა სრულდება.
ჩვენს წინაპრებში იყო შვილების დალოცვის ტრადიცია. იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ყველა შვილი ცალ-ცალკე უნდა დალოცოს. დალოცვის წინ აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება შვილისათვის მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენს შვილს. მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეასრულებთ ამ წესს. ეს დალოცვა ჩვენ შევადგინეთ და დღეს პირველად წავიკითხავ. ასეთი წესი იქნება, შვილს დააყენებთ მუხლებზე, იმ ხატის წინაშე, რომლითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება თქვენი ოჯახი სიკეთისაკენ. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. თქვენ ნახავთ რომ დალოცვის შემდეგ ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე შემოვა. დამშვიდდებიან მშობლები, დამშვიდდებიან შვილები.
„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო, უფალო ჩვენო იესო ქრისტე, სულო წმინდაო, ცხოველსმყოფელო, სამებაო, ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველიოსა, მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მტკიცე მართლმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე, მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა, ჰოი უფალი შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩემი ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირს ჰყავ ისინი ცათა სასუფევლისა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა შენთათა, ამინ”