წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი შეისმენს მილიონობით მორწმუნის ლოცვას და ადამიანებსა და უზენაესს შორის შუამავლად გვევლინება. მას შეუძლია სერიოზული დაავადების განკურნება, ოჯახური ბედნიერების ჩუქება, შვილის გაჩენაში დახმარება, ბედისწერის უკეთესობისკენ შეცვლა. მისთვის შეუძლებელი არაფერია!
თუ წმინდა ნიკოლოზს დასახმარებლად მიმართავთ, აუცილებლად იგრძნობთ, როგორ მოგეშვათ სულზე. მართლმადიდებლური ლოცვა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისადმი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. მთავარია, იგი გულწრფელად წარმოთქვათ.
ლოცვა წმინდა ნიკოლოზისადმი
ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა განშუენებულო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლოზ! კაცთა შორის სუეტო და სიმტკიცეო ეკლესიისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო, სიტყჳერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო ყოველთა უღონოთა, განწირულთა და მჴურვალედ მომწოდებელთა შენთაო.
ჵ, ქრისტჱს სამწყსოთა მწყემსო ღირსო და მამათა წინამძღუარო, საკჳრველთმოქმედო ნიკოლოზ! მამობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლოს და მოგუცეს საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და მჴნეობაჲ სულისაჲ, აღგვავსოს საღმრთოჲთა მღჳძარებითა და მოგუანიჭოს ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, ნეტარო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და არცაღა ჰსთქუან წარმართთა და მწვალებელთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მთავარეპისკოპოზო მირონ-ლუკიისაო, წმიდაო ნიკოლოზ! მჴურვალედ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტჱს მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ლოცვას ზეპირად ისწავლით, თუმცა არც მისი წაკითხვა იქნება ურიგო. მიმართეთ წმინდანს, როცა ამის საჭიროება გექნებათ.
ასეთი ლოცვა დაგეხმარებათ ზეციური ძალების მხარდაჭერის შეგრძნებასა და ნებისმიერ უბედურებასთან გამკლავებაში. დაე, უფალმა შეისმინოს თქვენი წრფელი ლოცვები!