ახლა, როცა უკვე იცით, თუ როგორ ვლინდება სისხლის ესა თუ ის ჯგუფი, რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა გავლენას მოახდენს იგი თქვენს რაციონზე.
თქვენი სისხლის ჯგუფი მჭიდროდაა დაკავშირებული საკვების ზოგიერთი სახეობის გადამუშავების უნართან. თითოეული სისხლის ჯგუფისთვის არსებობს შესაბამისი რაციონი, რათა ადამიანმა საუკეთესო, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს. ეს მოსაზრება გავრცელდა დოქტორი პიტერ ჯ. დ'ადამოს მიერ, 1996 წელს ამ საკითხის შესახებ წიგნის გამოცემით. თუმცა, არ არსებობს ამ მოსაზრების არც დამამტკიცებელი, არც უარმყოფელი არგუმენტები, ვინაიდან მის შესახებ კვლევები დღემდე არ ჩატარებულა.
სისხლის I ჯგუფი(O)
ამ ტიპის სისხლის მქონე ადამიანებს კარგად აქვთ განვითარებული ცხოველური ცხიმებისა და ცილების მონელების უნარი. სწორედ ამიტომ, მაღალი პროტეინის შემცველი დიეტა კარგი ხარისხის პროდუქტით, თევზით, ბოსტნეულითა და ხილით მათთვისაა ზედგამოჭრილი. ისეთი ნახშირწყლები, როგორიცაა მარცვლეული, ხორბლეული - მარტივად გარდაიქმნება ცხიმებად ორგანიზმში, ამიტომ მოერიდეთ მათ.
სისხლის II ჯგუფი(A)
ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის ვეგეტარიანული დიეტაა რეკომენდებული. როგორც ირკვევა, ასეთ ადამიანებს კუჭის წვენის დაბალი დონე აქვთ და პროტეინებსა და ცხიმებს საჭირო სახით ვერ გადაამუშავებენ. სწორედ ამიტომ, მათთვის რეკომენდებულია მეტი ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის მიღება. ასევე, ეს საკვები მაქსიმალურად ბუნებრივი გზით უნდა მიიღონ - ყოველგვარი გენმოდიფიცირებისა და თერმული დამუშავების გარეშე.
სისხლის III ჯგუფი(B)
წიგნის მიხედვით, ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები ნაირმჭამელები არიან და საკვების არჩევანშიც, შესაბამისად, თავისუფლები არიან. თუმცა, ისეთი საკვები, როგორიცაა სიმინდი, ხორბალი, პომიდორი და მიწისთხილი, შესაძლოა, იწვევდეს წონაში მატებას, დაღლილობასა და ჰიპოგლიკემიას. ასევე, ასეთი ადამიანები უნდა ერიდებოდნენ ქათმის ხორცს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მჭლე ხორცია, შეუძლია გამოიწვიოს შეტევები და იმუნური სისტემის დარღვევები მეორე ჯგუფის სისხლის პატრონებისთვის. უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ქათამი ცხვრის, თხის ან კურდღლის ხორცით.
სისხლის IV ჯგუფი(AB)
AB ტიპის სისხლი ყველაზე იშვიათი და ახალია. მასში მეორე და მესამე ჯგუფების სისხლის თვისებებია. ამ სისხლის მქონე ადამიანებს, A ტიპის მსგავსად, კუჭის წვენის ნაკლებობა, ხოლო B-ს მსგავსად, ხორცის მონელების თვისება აქვთ. კვერცხი, ზღვის პროდუქტი და ფოთლოვანი ბოსტნეული კარგია ასეთი ბენეფიციარებისთვის. მათთვის, ასევე, რეკომენდებულია ულუფების შემცირება და საკვების მიღების რაოდენობის გაზრდა უკეთესი მონელებისთვის.
წიგნში ეს ყველაფერი მარტივად და კარგადაა აღწერილი. რა ხდება რეალურად? 2014 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც შემოთავაზებული რაციონით იკვებებოდნენ, აღენიშნათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, როგორც დაადგინეს, ეს გაუმჯობესებები სისხლის ჯგუფთან არ იყო კავშირში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ოთხი სახის დიეტა ჯანსაღია და, თუ მათ სპორტსაც დაუმატებთ, ცხოვრების ჯანსაღ წესადაც აქცევთ.